პანამის ნაპირებთან მდგარ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები წერილს ავრცელებენ და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, ისინი „ამაზრზენ სიტუაციაში“ იმყოფებიან და აღნიშნავენ, რომ საკვების უქონლობის გამო ეკიპაჟი შიმშილობს.
„ოთხი დღის განმავლობაში, გემის ძირითადი გენერატორები გამოსულია მწყობრიდან და ამის გამო, გემზე არ არის ელექტრომომარაგება, არ მუშაობს მაცივრები და გაფუჭდა სურსათი. არ მუშაობს კონდიციონერი და შეუძლებელია საცხოვრებელ კაიუტებში (ოთახებში) ყოფნა და დასვენება, ჰაერის ტემპერატურა ხანდახან აღწევს + 40 გრადუსს. გენერატორების შეკეთება შეუძლებელია, რადგან გემზე არ არის არანაირი სათადარიგო ნაწილები და ხელსაწყოები. რამდენჯერმე გემიდან გაგზავნილი იქნა გემფთფლობელის მიმართ მოთხოვნა სათადარიგო ნაწილებზე, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ბოლო 2 დღე გემზე არ არის საკვები პროდუქტები და ეკიპაჟი შიმშილობს“, - ნათქვამია მეზღვაურების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე თქმით, ეკიპაჟის მიმართ კვლავ არსებობს სახელფასო დავალიანება და ეკიპაჟის ზოგიერთ წევრს ივლისისა და აგვისტოს ხელფასი ბოლომდე არ აუღია.
მეზღვაურების მტკიცებით, გადასახდელია სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასები.
„ჩვენი დაჟინებული თხოვნით გუშინწინ, შუაღამით, გემზე მოიტანეს პატარა გადასატანი გენერატორი, რომელიც არის არასაკმარისი გემის უსაფრთხოებისათვის. ამ ყველაფერზე ინფორმირებულია ადგილობრივი პანამის სააგენტო, გემის მეპატრონე, პანამის პორტის ადმინისტრაცია და ბათუმის საკრუინგო სააგენტო „ფრეგატი“-ს დირექტორი ირაკლი დუმბაძე“,-ნათქვამია განცხადებაში.
მეზღვაურები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ საინფორმაციო გამოშვების ეთერში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გემზე ყველა პრობლემა მოხსნილია, არასწორია.
„ზოგიერთ საინფორმაციო გამოშვების ეთერში, ჩვენთან ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, გავიდა ინტერვიუ, სადაც პიროვნებები (პიროვნება) ადასტურებენ, რომ გემზე აბსოლუტურად ყველანაირი პრობლემა მოხსნილია, გემზე არის საკვები პროდუქტები, არის საწვავი, გამართულია ყველა ელექტრომომარაგების წყარო, ეკიპაჟი არ მუშაობს, ხელფასები გასტუმრებულია და ჩვენ ველოდებით მხოლოდ ბილეთებს რეპატრიაციისათვის - რაც აბსოლუტური სიცრუეა. თუ იმ პიროვნებების (პიროვნების) მიერ ცხადდება ის, რომ ეკიპაჟის რომელიმე წევრმა არ შეასრულა მასზე კონტრაქტით დაკისრებული სამუშაო, გემთმფლობელს შეეძლო დაუყოვნებლივ შეეცვალა ეკიპაჟის წევრი თავისი ხარჯებით. ის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც გემზე სამუშაოს ვითომდა არ ასრულებენ, რატომ არიან დღესაც გემზე? თუ ისინი დამნაშავეები იყვნენ, პირველი მე ვიქნებოდი, ვინც შეცვლიდა ამ ეკიპაჟის წევრებს, მაგრამ მე ასეთი მიზეზი არ მქონია. დაჟინებული თხოვნა, სანამ გადაცემა გავა ეთერში, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია ჩვენთან“,-ნათქვამია განცხადებაში,,რომელსაც ხელს აწერს კაპიტანიც.
მეზღვაურები ამბობენ, რომ ეკიპაჟის მიმართ დიდი ყურადღება და გულისხმიერება მხოლოდ ორმა ადამიანმა გამოიჩინა. ესენი არიან საქართველოს ელჩი მექსიკაში მალხაზ მიქელაძე და საქართველოს კონსული მექსიკაში გურამ ქანდამიშვილი.
მეზღვაურები მედიას თხოვენ, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას მიაწოდონ.