პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 530 პატიმრის საქმე განიხილა და აქედან დადებითი რეკომენდაცია 274 მსჯავრდებულს მისცა - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ აცნობა.
კომისიის 4-საათიანი მუშაობა შემდეგი გადაწყვეტილებებით დასრულდა - 274 მსჯავრდებულიდან 16-ს კომისიამ სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მისცა. წარმოდგენილ საქმეებს შორის ერთი არასრულწლოვანის შუამდგომლობა იყო და კომისიამ მასაც დადებითი რეკომენდაცია მისცა.
რაც შეეხება ქალ მსჯავრდებულებს, 11 ქალთან დაკავშირებით კომისიამ პრეზიდენტს გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა, ხოლო ერთს სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მისცა.
ელენე თევდორაძე ელის, რომ კომისიის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს მომავალი კვირის პარასკევს დატოვებენ.
ახალ წლამდე დარჩენილ დროში შეწყალების სახელმწიფო კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რადგან არსებობს რამდენიმე ათეული საქმე, რომელიც შესულია საპატრიარქოში და პრეზიდენტის სახელზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შესაბამისად, დეკემბრის ბოლომდე კომისია ყველა დარჩენილი პატიმრის განაცხადზე იმსჯელებს.