საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის 2 პასპორტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში, მსგავსი დოკუმენტის ქონა კანონით დაშვებულია, პრობლემას კი ვანო მერაბიშვილის მიერ ამ ფაქტის უარყოფა წარმოდგენს.
საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებასთან დაკავშირებით კი პროკურორი აღნიშნავს, რომ მსგავსი პასპორტების არსებობა სახელმწიფო საიდუმლოება არ არის და შესაბამისად, ფაქტის გასაჯაროებით კანონი არ დარღვეულა.
„საკითხი დგას არა იმაზე, 2 პასპორტის ქონა არის თუ არა კანონიერი, არამედ იმაზე, რომ იგი უარყოფს ასეთი პასპორტის ქონას. გამოძიება კი დაინტერესებულია იმით, რომ გამოამჟღავნოს სიმართლე. თუ მას მართლაც ჰქონდა 2 პასპორტი, მაშინ რატომ უარყოფდა მოწმის სახით დაკითხული პირი ამ ფაქტს? ყველა მტკიცებულება, რაც საქმეშია, ააშკარავებს მეორე პასპორტის არსებობას. მხოლოდ მისი ჩვენება უარყოფს ამას და ეს არის შესწავლის საგანი“ - განაცხადა კბილაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო კონტროლის გავლის დროს საქართველოს საზღვრის გადალახვას ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა, რომელზეც მერაბიშვილის ფოტო იყო მითითებული. შსს-მ ყალბი პასპორტით საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასთან დაკავშირებითაც მერაბიშვილი ორჯერ დაკითხეს. საქმის გამოძიების ფარგლებში მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სხვა სახელსა და გვარზე გაცემულ პასპორტს ფლობდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძეც. მან გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დროს დაადასტურა, რომ პასპორტით არაერთხელ უსარგებლია.