უკრაინაში, ქალაქ კიევში უკრაინის სამმართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ინტერპოლის მიერ 2012 წლის 5 დეკემბრიდან საერთაშორისო ძებნაში მყოფი ოლეგ ვლადიმერის ძე მელნიკოვი დააკავეს.
ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული პიროვნება, ინტერპოლის თბილისის ბიუროს მიერ იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
შსს-ს ცნობით, ამჟამად, უკრაინის სამმართალდამცავ ორგანოებთან ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ გადაგზავნილია ოლეგ მელნიკოვის წინასაექსტრადიციო პატიმრობისთვის და შემდეგ მისი საქართველოში ექსტრადირებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია. კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება მისი საქართველოში ექსტრადიცია.