უფლებადამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დანაშაული აბსოლუტურად გამოკვეთილია და აღნიშნავს, რომ ამას ის ინფორმაციაც აძლიერებს, რომლის თანახმადაც, მსგავსი ტიპის დოკუმენტი სხვა პირებზეცაა გაცემული.
„ყოველშემთხვევაში, ჩვენ ვიხილეთ წერეთლის გვარზე გაცემული ეროვნული პასპორტი, რომელიც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკუთვნის. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ადასტურებს ვერსიას, რომ მსგავსი პრაქტიკა რეალურად მოქმედებდა და რა თქმა უნდა, სამოქალაქო რეესტრში, მათ რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი, ყოფილი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი ვაშაძეა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება, განცხადებებს, რომ „მეორე პასპორტის“ თემა გრიფით „საიდუმლო“ საკითხია, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ეს ფაქტი დაფიქსირდა, პრემიერი არცერთ თანამდებობაზე არ იყო და ასეთი საიდუმლო რეჟიმის დაქვემდებარებული მოქმედება, რომ ლეგალური ყოფილიყო, იმ მომენტისთვის, პრემიერ-მინისტრის მსგავსი დოკუმენტის სარგებლობის არავითარი უფლება არ ჰქონდა.
„სხვა საკითხია, რით შეუძლია თავი იმართლოს ყოფილმა პრემიერმა, რომლის დამცველებიც აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი საიდუმლო რეჟიმს ექვემდებარებოდა და ოპერატიული დაფარვის დოკუმენტაციის ლეგალურად დამზადებისკენ იყო მიმართული. ეს გულისხმობს, რომ უნდა იყოს საიდუმლო ბრძანება, რომლის საფუძველზეც ეს მოქმედებები ხორციელდებოდა. ეს ასეც რომ იყოს, ყოფილი პრემიერისგან, როდესაც ეს ფაქტი დადასტურდა, პრეზიდენტთან ერთად, ერევანში მიემგზავრებოდა. ის არცერთ თანამდებობაზე არ იყო და ბუნებრივია, ასეთი საიდუმლო რეჟიმის დაქვემდებარებული მოქმედება, რომ ლეგალური ყოფილიყო, იმ მომენტისთვის, პრემიერ-მინისტრის მსგავსი დოკუმენტის სარგებლობის არავითარი უფლება არ ჰქონდა. ვფიქრობ, ეს დანაშაული, რომელსაც, როგორც ვხედავთ, ძალიან ორგანიზებული ხასიათი გააჩნია, ჩვეულებრივმა რიგითმა შემთხვევითობამ გამოააშკარავა. აქ არაა საუბარი ერთ, ორ ან სამ ჩინოვნიკზე არამედ, როგორც ირკვევა დაახლოებით, 150 ადამიანზეა და ალბათ, ძალიან მალე, საგამოძიებო ორგანოები ამ საკითხს ნათელს მოჰფენენ“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო კონტროლის გავლის დროს საქართველოს საზღვრის გადალახვას ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა, რომელზეც მერაბიშვილის ფოტო იყო მითითებული. შსს-მ ყალბი პასპორტით საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასთან დაკავშირებითაც მერაბიშვილი ორჯერ დაკითხეს. საქმის გამოძიების ფარგლებში მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სხვა სახელსა და გვარზე გაცემული პასპორტს ფლობდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეც. მან გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დროს დაადასტურა, რომ პასპორტით არაერთხელ უსარგებლია.