შსს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე თბილისში მცხოვრები სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1971 წელს დაბადებული ვლადიმერ ს. და 1975 წელს დაბადებული დიანა ე. დაკავეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„საქმის მასალების თანახმად, 2011 წლის იანვარში, ვლადიმერ ს.-მ და დიანა ე.-მ თაღლითურად გამოართვეს ქეთევან და ანატოლი საპანაძეებს ფულადი თანხა, 600 ლარისა და 5000 აშშ დოლარის ოდენობით. ამის სანაცვლოდ, საპანაძეებს დაპირდნენ მათი მსჯავრდებული შვილის დავით საპანაძის შეწყალების გზით გათავისუფლებას, ხოლო თანხის მისაკუთრების შემდეგ აღნიშნული პიროვნებები მიიმალნენ.
ვლადიმერ ს. და დიანა ე. წარსულში სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავების მიერ ანალოგიური ბრალდებით იძებნებოდნენ. გარდა ამისა, ვლადიმერ ს. ასევე თაღლითობის ბრალდებით, 2004 წელს საქართველოშიც არის ნასამართლევი“,- ნათქვამია შს სამინისტროს, მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლით.