იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების თანამშრომლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი საჯარო რეესტრის სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს ესტუმრა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მისი ვიზიტის მიზანი იმ ადამიანებისათვის მხარდაჭერის გამოცხადებაა, რომლებიც საჯარო რეესტრსა და აღსრულების ბიუროში მუშაობენ და რომლებსაც ამ სამსახურების ეფექტურ ფუნქციონირებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.
„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სამართლიანი სამართლებრივი გარემოს შექმნაა, მაგრამ თვით ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო გადაწყვეტილება კარგავს ძალას მისი ეფექტური აღსრულების გარეშე. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კი სწორედ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აკისრია. რაც შეეხება საჯარო რეესტრის სააგენტოს, მისი გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი პირობა უძრავი ქონების, მიწის სწრაფი რეგისტრაცია, ქონებრივი დავების - გადაფარვების არარსებობაა"- განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სააგენტოების თანამშრომლებთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში გეგმავს.