"ამ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ საქართველოს პრესის საშუალებით ვრცელდებოდეს ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკითხვის, ზეწოლის და „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ოპოზიციურ პარტიას, არ ჰქონდეს საშუალება, ამ ხელისუფლების კრიტიკა გააგრძელოს“, - ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ გენარალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა შსს-ს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დაკითხვაზე ყოფნა კომფორტულ გარემოში უწევდა.
მერაბიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობას აგრძელებს, რათა საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია იმ ვალდებულებებზე, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია.
„ჩვენ განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობას ვაგრძელებთ და ვუზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია იმ ვალდებულებებზე, რომელიც ამ ხელისუფლებას გააჩნია. კერძოდ, სოციალურ საკითხებზე, ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, პენსიებზე და განათლებაზე. მე და ჩემი კოლეგები, ვინც ციხეში და დაკითხვაზე არ იქნება, ბევრ დროს მოვანდომებთ იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ფუნქციის შესრულება გააგრძელოს და მთავარ აქცენტებს დავუთმობთ ჩვენი საზოგადოებისთვის, იმ ახალი წინადადებების შეთავაზებას, რათა ჩვენი ცხოვრება გაცილებით უკეთესი გახდეს. მე ვამაყობ, რომ ჩვენ შევქმენით ასეთი სახელმწიფო აპარატი, ვამაყობ იმით, რომ ვიმყოფებოდი შენობაში, რომელიც არის კარგად გარემონტებული, აქ არიან კარგად ჩაცმული პატრულები, ვამაყობ, რომ დაკითხვაზე ყოფნა ასეთ კომფორტულ გარემოში მომიწია. მახსოვს, 2003 წელს აქ იყო სიცივე და ცუდი მდგომარეობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და სახელმწიფო წინ წავიდეს“, - განაცხადა მერაბიშვილმა, თუმცა კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიაკავა.
ვანო მერაბიშვილმა შსს-ს საგამოძიებო სამსახური ადვოკატთან ერთად დატოვა. შსს-ს საგამოძიებო სამსახურში მისი დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, გამოძიება მერაბიშვილის მიერ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.