საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დემოკრატიის კლასიკური ფორმულაა ის, როდესაც ქვეყანას ჰყავს ერთი პრეზიდენტი, ერთი პრემიერ-მინისტრი, ბევრი ყოფილი პრეზიდენტი, ბევრი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და არც ერთ მათგანი ციხეში არ არის, არც მოკლული ან გაუჩინარებულია.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ახლა ამის შექმნის მცდელობა მიმდინარეობს. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ თავის დროზე საქართველო ამ ტესტსაც ჩააბარებს. მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ ფერაძის ღვაწლზე ისაუბრა და ყურადღება პოლონეთის მხარდაჭერაზეც გაამახვილა.
„გრიგოლ ფერაძე იმ ფასეულობების სიმბოლოა, რომლებზეც საქართველო დგას. იგი იყო ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგ მხარეს წარმოადგენდა, რადგან XX საუკუნეში საქართველომ ისეთი ავკაცები წარმოშვა, როგორიც იყო სტალინი და ამავდროულად - ისეთი წმინდანებიც, როგორიც გრიგოლ ფერაძე. მე ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი ერის ორი სახეა, მაგრამ მინდა საქართველო სწორი მიმართულებით წავიდეს, ისეთი ადამიანებისკენ, როგორიც გრიგოლ ფერაძე იყო. იგი იმავე ფასეულობების ერთგული იყო, რომელთათვისაც ჩვენ ვიბრძოდით ამ წლების განმავლობაში - ეს არის მთელი რეგიონის თავისუფლება. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა რუსეთის იმპერიის მხრიდან ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა XIX საუკუნეში და ჩვენ პირველი ერი ვიყავით, რომელმაც ეს გააკეთა. მე მჯერა ერთიანი კავკასიის იდეის და ეს არ გულისხმობს საზღვრების ცვლილებას - საზღვრები უცვლელად უნდა დარჩეს. ეს უნდა იყოს თავისუფლების, დემოკრატიის, ხალხის მოძრაობის სიმბოლო კავკასიაში და მინახავს ხალხი, რომელიც ძალიან აფასებს იმას, რაც საქართველომ ბოლო წლებში გააკეთა"- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში, საქართველომ პირველად შეძლო თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.
„ჩვენს დამპყრობლებს მიაჩნდათ, რომ კავკასიას ქრონიკულად არ ჰქონდა იმის უნარი, რომ ორგანიზებული, ცივილიზებული და თანამედროვე ყოფილიყო. ეს მოსაზრება საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაამსხვრია. საქართველო საოცარი წარმატების შემთხვევაა, რადგან მსოფლიო ბანკის კვლევების თანახმად, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით პირველ ათეულშია ბიზნესის კეთების სიმარტივით; ევროკავშირის კვლევების თანახმად კი, ჩვენ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და კრიმინალიზებული ქვეყანა ვართ ევროპაში. მარშალმა განაცხადა, რომ საქართველომ დანერგა არჩევნების მაგალითი, რადგან პირველად ჩვენს რეგიონში ძალაუფლების გადაცემა არჩევნების გზით მოხდა და არა სამოქალაქო ომით, რომელმაც 90-იან წლებში ათასობით ჩემი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და არც რევოლუციით, მაგრამ ინსტიტუტებისთვის ეს პროცესი მაინც დიდი გამოღვიძება იყო. ამჯერად გვაქვს შესაძლებლობა, ყველაფერი ხელახლა დავიწყოთ" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც არასოდეს ყოფილა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რეგიონის გრძელვადიან განვითარებას და თითოეული მკვიდრისთვის მშვიდობასა და შესაძლებლობების მიცემას გულისხმობს.
„საქართველოში მთავრობა შეიცვალა, მაგრამ არავის აღარ შეუძლია საქართველოს დაჩოქება და კვლავ რუსული იმპერიის გავლენის ქვეშ მოქცევა. რა თქმა უნდა, იქნება აღმართებიც და დაღმართებიც, მაგრამ ჩვენმა ხალხმა უკვე გაიგო თავისუფლების, წარმატების, დემოკრატიის, მთავრობის დემოკრატიულად შეცვლის გემო და ის, რას ნიშნავს ევროპელობა ყველა მინუსით და პლუსით.
ამ გზიდან გადასახვევი და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვაქვს. არის რამდენიმე ქვეყანა ევროპაში, რომლებსაც ჰქონდათ უკუსვლის პერიოდები. მინიმუმ, ორ მათგანს ისეთი ლიდერები ჰყავდათ, რომლებსაც დიქტატურის დამკვიდრება სურდათ, მაგრამ ევროპაში ეს არ მოხდება. ვფიქრობ, პოლონეთის მაგალითი დიდებულია. იყო ასევე პოლონეთის პრეზიდენტი, რომელმაც თქვა, რომ დემოკრატიის კლასიკური ფორმულაა ის, როდესაც ქვეყანას ჰყავს ერთ პრეზიდენტი, ერთი პრემიერ-მინისტრი, ბევრი ყოფილი პრეზიდენტი, ბევრი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და არც ერთი მათგანი ციხეში არ არის, არც მოკლული ან გაუჩინარებულია რომელიმე მათგანი. სწორედ ეს არის ის, რის შექმნასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში. ვფიქრობ, მოვა დრო და ჩემი ქვეყანა ამ ტესტსაც ჩააბარებს. პოლონეთი ჩვენთვის შუქურაა, რომელმაც შთაგვაგონა, თუმცა ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოც არის შუქურა ჩვენს გარშემო მყოფი ბევრი სხვა ქვეყნისთვის და აკვირდებიან რა ხდება ჩვენთან.
მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი პატივისცემით ეკიდებოდნენ ჩვენს რეფორმებს, გამჭვირვალე არჩევნებს და ეს არჩევნები მთელი რეგიონის მასშტაბით რომ გამართულიყო, ჩვენ ალბათ, 5-ჯერ ზედიზედ გავიმარჯვებდით. ის, რომ ჩვენმა ხალხმა მთავრობის შეცვლა გადაწყვიტა, სხვა ერებისგანაც პატივისცემას იმსახურებს, რადგან მათ განაცხადეს, რომ სურთ არა მარტო თანამედროვე მთავრობა, არამედ დემოკრატიაც" - განაცხადა პრეზიდენტმა.