ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ დენის ტარიფის 5 თეთრით შემცირება რეალურია და ხელისუფლებას დენისა და გაზის ტარიფების კომპონენტების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ, ახალგაზრდა ფინანსისტებმა(აფბა)დღეს, for.ge - ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ენერგომატარებლების მნიშვნელობა მთლიანად ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნავს, რომ ეს არაა ისეთი პროდუქტი, რომლის ფასი სხვა რაიმე პროდუქციის ფასზე ზეგავლენას არ ახდენს.
შესაბამისად, ორგანიზაცია მიმართავს მარეგულირებელ კომისიას გამანაწილებელ კომპანიებს მარჟა შეუმცირონ, რის გამოც, მათი თქმით, დენის ტარიფი ფაქტობრივად, დაახლოებით, 5- 6 თეთრით მეტია.
„დღეს, საქართველოში დღგ-ს გარეშე, ელექტროენერგიის საფასური 13, 56 თეთრს შეადგენს. ელექტროენერგიის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით, შესაბამის რეგიონებში მონოპოლისტი კომპანიები „თელასი“, „კახეთის დისტრიბუცია“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ახორციელებენ. ეს კომპანიები ფლობენ განაწილებისა და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიასაც.
ევროპის არცერთ ქვეყანაში მსგავსი განაწილების წილი ტარიფში ასეთი მაღალი არაა და ის, დაახლოებით 20% დან 40% მდე მერყეობს.
შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ, მარეგულირებელ კომისიას შეუმციროს გამანაწილებელ კომპანიებს მარჟა, რის გამოც, ტარიფი ფაქტობრივად დაახლოებით 5- 6 თეთრით მეტია. ტარიფში თუ დანაწილების წილს შევამცირებთ და საშუალოთ 25 %-მდე ჩამოვიყვანთ, ტარიფის შემცირება 6 თეთრითაა შესაძლებელი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, თუ არსებობს რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ტარიფში ამ განაწილების დოზას შეამცირებდა, მაშინ ამის შესახებ, საზოგდაოებამ უნდა იცოდეს.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაასაჯაროოს ყველა ის ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ტარიფების და იმ 60 % -იანი მარჟის შემცირებას, რომელიც გამანაწილებ კომპანიებს აქვთ და თუ ასეთი ფაქტორები არსებობს, ეს საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.