საქართველოს პრეზიდენტმა 92 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულთა შეწყალების აქტი გამოსცა, რომლის გათავისუფლების რეკომენდაციითაც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციას რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიმართა.
„საქმე ეხება მსჯავრდებულთა იმ ჯგუფს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, ან უკიდურესად მძიმეა. თავიდან 137 მსჯავრდებულზე იყო საუბარი, თუმცა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სასჯელაღსრულების სამინისტროდან დოკუმენტაცია 92 პატიმარზე შემოვიდა. პრეზიდენტმა დღეს ყველა მათგანის შეწყალების თაობაზე გამოსცა აქტი"- აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პატიმრები საპყრობილეებს დღეს დატოვებენ.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასული რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიური მუშაობა გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის და გადაწყვეტილება სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად იყო მიღებული"- აღნიშნა მანჯგალაძემ.