ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვნელი - ლევან მაისურაძე, უფროსი სპეციალისტი - ჯანგირ მჭედლიშვილი და ეკონომიკური სამსახურის განყოფილების უფროსი - გოგიტა გოჩაშვილი დააკავეს.
ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ხაჩიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ე.წ. კარალეთის ინციდენტში მონაწილეობდნენ, სადაც ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც მონაწილეობდა.
„ინციდენტის შედეგად დაზარალებულები ორივე მხრიდან იყვნენ, თუმცა, ასე შერჩევით სამი საჯარო მოხელე დააკავეს. ის ადამიანი, რომელიც ადგილზე პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობს, ამ ინციდენტში ისიც მონაწილეობდა და ფაქტია, რომ პოლიტკური ნიშნით დევნა გრძელდება. დაკავებულ პირებს, წაყენებული აქვთ ბრალი ჯგუფური ხულიგნობის და პოლიტიკურ დევნაში“, - აცხადებს კანონმდებელი.
უმცირესობა ხელისუფლებას მოუწოდებს პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს.
„ეს კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ დღეს, ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართალი, მითუმეტეს, როდესაც ინციდენტში ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ დაკავებულები მხოლოდ საჯარო მოხელეები არიან“, - დასძინა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარალეთის ინციდენტი წინაასარჩევნო კამპანიის დროს მოხდა, რომლის შედეგადაც ორივე მხარეს ადამიანები დაზიანდნენ, მათ შორის ჟურნალისტებიც.