საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი გაიმართა.
საქართველოს მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, ხოლო იაპონიის მხრიდან, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე, კავკასიის და სუამ-ის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი,, ტაკეში ჰიკიჰარა ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი.
ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო აგრეთვე ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებს.
აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა. მხარეებმა შეაჯამეს 2012 წლის განმავლობაში, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორ ქვეყანაში ჩატარებული კულტურული ღონისძიებები.
ხაზი გაესვა საქართველოდან იაპონიაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა დავით ჯალაღანიას შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან კაზუიუკი ჰამადასთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრის დროს, დავით ჯალაღანიამ იაპონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შესახებ, რასაც ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოჰყვა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებად რჩება.
იაპონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.