პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 7 შენობა გარემონტდება.
პროექტი დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება გორში, მეჯვრისხევის ქ.№24ბ-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში. თბილისში, კაიროს ქ.№20-ში, კასკადის ქ.№41-ში (ზაჰესის გამგ. შენობა), ძმები გარიშვილების ქ.№7-სა (მიწისქვეშმშენის შენობა) და კახეთის გზატკეცილის №25-ში (სამთო მექანიკის ინსტიტუტი) მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში კი, სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
მასშტაბური სამუშაოები ჩაუტარდება თბილისში, ბაბუცუძის ქ.№12-ში მდებარე შენობას, სადაც დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ობიექტის საცხოვრებელ ბინებად გადაკეთება მოხდება. შენობაში განახლდება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები და გამოიცვლება სახურავი.
სამუშაოების ჩატარებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, 2012 წლის ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დააფინანსებს.
შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა.
გათვალისწინებული სამუშაოებიას და მომსახურების შესყიდვის შეზღუდულ ვადებში განხორციელების გამო, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიენიჭა უფლება შესყიდვები გამარტივებული წესით განახორციელოს.