თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ტერმინ „სხვა ხარჯების“ აკრძალვას ითხოვს.
ამის შესახებ გაბუნიამ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თბილისის ბიუჯეტის 2009-10-11-12 წლებში, მუხლ „სხვა ხარჯებში” არსებული თანხების გახარჯვის კანონიერებასთან დაკავშირებით ფინანსური გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტში მუხლ „სხვა ხარჯებში” 593 მილიონი ლარი იყო გაწერილი.
„მე ვაპირებ საქართველოს პარლამენტს ინიციატივით მივმართო, რათა ტერმინი „სხვა ხარჯები“ აიკრძალოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე. ეს უსათაურო, არამიზნობრივი მუხლი ფულის მხარჯველ დაწესებულებას თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან მე მივმართავ ფინანსათა სამინისტროს, რომ მან დაიწყოს გამოძიება 2009-10-11-12 წლებში თბილისის ბიუჯეტში მუხლ „სხვა ხარჯებში“ კონცენტრირებული 593 მილიონი ლარის ხარჯვის მართლზომიერების შესწავლის მიზნით“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე ინფორმაციით, თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მერიამ განხილვისთვის საკრებულოში გუშინ შეიტანა, მუხლ „სხვა ხარჯებში” 110 მლნ ლარია დაფიქსირებული.
ზაზა გაბუნიას ინიციატივას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, ბიუჯეტის კლასიფიკაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული „ჯფსმ“ არეგულირებს და სწორედ ამ სტანდარტით იქმნება თბილისის ბიუჯეტი, ისევე როგორც ყველა განვითარებული ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტები.