ამერიკის სენატის მიერ „მაგნიტსკის აქტის“ მიღებას რუსეთი სასწრაფოდ გამოემხმაურა. რუსეთის საგარეოო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დუბლინში ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს პირობა მისცა, რომ იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევაში იქნებიან დადანაშაულებულები, რუსეთი საზღვარს ჩაკეტავს.
ეს პირობა ლავროვმა კლინტონს გაეროს და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სპეციალური წარმომადგენლის ლახდარ ბრაჰიმის თანდასწრებით მისცა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა სენატის გადაწყვეტილებას , მას „აბსურდის თეატრი უწოდა“ და აღნიშნა, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე დადებითად არ იმოქმედებს.
„ უცნაურია და გაუგონარი ჩვენთვის ადამიანის უფლებების დარღვევაში პრეტენზიების წამოყენება იმ სახელმწიფოს მიერ, სადაც XXI-ე საუკენეში ლეგალიზებულია წამება და ადამიანთა გატაცება.
ჩვენ არ გვსურს იმ პოზიტივის უარყოფა, რაც ძალისხმევის შედეგად, ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად არ აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.