საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი თევდორაძის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე დააკავეს.
თევდორაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თვითმმართველობებზე ზეწოლას კვლავ აგრძელებს.
მისი თქმით, გუშინ თანამდებობიდან გადადგნენ - ხობისა და ფოთის საკრებულოს თავმდჯომარეები, მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა და მათ ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ზეწოლის შედეგად მიიღეს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით კაკაბაძეს აკავებენ. ეს პიროვნება გამოძიებასთან თანამშრომლობდა და არ იმალებოდა. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რა აუცილებლობის გამო აკავებენ მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ეს ფაქტები როგორც მინიმუმ თვითმმართველობების მუშაობაში გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს, რაც ქვეყანას კარგ შედეგებს ნამდვილად არ მოუტანს“, - აცხადებს თევდორაძე.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ საქართველოში ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველობა ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ მისწრაფებებს.
„ვფიქრობ, რომ ეს არის პლურალიზმის, ასევე დემოკრატიულობის პრინციპების ძალიან უხეში დარღვევა და შედეგად მივიღებთ სახელმწიფოს, სადაც ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველობა ძლიერი ვერ იქნება“, - დასძინა მან