სახალხო დამცველობის კანდიდატი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ თენგიზ გუნავას საქმე პირველი იქნება, რომლითაც ის დაინტერესდება.
ამ წუთებში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით უჩა ნანუაშვილი გამოდის და ის კანონმდებელთა მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.
ნანუაშვილის განცხადებით, გუნავას საქმე განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ეყოლება, რადგან მის დაკავებასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა, ომბუდსმენობის კანდიდატს უკვრის, ოპოზიცია რატომ ჩქარობს და დაკავებებს პოლიტიკურ ჭრილში თუ რატომ განიხილავს.
„თუ დავრწმუნდები, რომ პოლიტიკური დევნაა პირველი ვიქნები ვინც განცხადებას გააკეთებს“, - ამბობს ნანუაშვილი.
ამასთან, ოპოზიცია იმ საკითხით დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ნანუაშვილი ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საპატიმროში გადაყვანის თაობაზე.
„მიმაჩნია, რომ ბევრი ცნობილი, ყოფილი მაღალი თანანმდებობის პირი სწორედ ამ საპატიმროში იმყოფებოდა. იგივე მირცხულავა, მოლაშვილი, ბათიაშვილი, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ არავის გასჩენია კითხვა - როგორ იმყოფებოდნენ ისინი კანონოერ ქურდებთან“, - დასძინა ნანუაშვილმა.
ასევე, უმცირესობა დაინტერესდა თუ რას ფიქრობდა ნანუაშვილი - ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავდა, რომ თუ ოპოზიცია რიტორიკას არ შეცვლის, პროკურატურასთან რიგები დადგება.
„რა თქმა უნდა, ამ განცხადებას არ ვეთანხმები“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.
ამას გარდა, უმრავლესობა დაინტერესდა - თუ რა ხერხს გამოიყენებს ნანუაშვილი თუ მის ანგარიშებს, მისი წინამორბედების მსგავსად, პარლამენტის ცარიელ დარბაზში მოისმენენ.
„სამწუხაროდ, მოსმენები ცარიელ დარბაზებში ხდებოდა. თუმცა, ახალ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და პრიორიტეტული. ასევე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია როგორც წესი, ხელისუფლებას მიუთითებს დარღვევებზე, რომ რეაგირება მოხდეს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური რეაგირება იარსებობს, რომ ეს ანგარიშები სერიოზულად იქნეს აღქმული“, - აცხადებს ნანუაშვილი.
ნანუაშვილმა კითხვების დასმამდე, პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.