კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთეს” ორგანიზებით თბილისში მე–13 საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს, კინოთეატრებში ”ამირანი” და „რუსთაველი“ წელს სხვადასხვა კინოსექციებში 130-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები.
თბილისის კინოთეატრების ეკრანი ერთი კვირის განმავლობაში დაეთმობა საფესტივალო, არაკომერციულ, ნოვატორულ, ექსპერიმენტულ, საავტორო თუ ე.წ. განსხვავებულ კინოს. კინოფესტივალის მთავარი მიზანია, ქართველ მაყურებელს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფის საუკეთესო ნამუშევრები გააცნოს.
რეჟისორ ნანა ჯორჯაძის განცხადებით, წლევანდელ კინოფესტივალზე ევროპული კინოს საუკეთესო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
ჟიურის თავმჯდომარე წელს ცნობილი ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფი გახლავთ.
"მე ვიცი, რომ საქართველო დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი ქვეყანაა. აქ უყვართ ხელოვნება და კინო. მე ბედნიერი ვარ ამით და მიხარია, რომ ფესტივალს უამრავი ადამიანი ესწრება“,–განაცხადა მახმალბაფმა ფეტივალის გახსნისას.
წლევანდელი ფესტივალი უნგრელი რეჟისორისა და ფესტივალის საპატიო სტუმრის, იშტვან საბოს ახალი ფილმი "ქარი" გაიხსნა. (მთავარ როლში - ოსკაროსანი ჰელენ მირენი),კინოფესტივალის საზეიმო დახურვა 8 დეკემბერს, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება დიტო ცინცაძის ფილმით "შემოჭრა" (მთავარ როლებში ბურგჰარტ კლაუნსერი და მერაბ ნინიძე).
ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან მთავარი საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და გაიცემა ორი პრიზი – "ოქროს პრომეთე" საუკეთესო ფილმისთვის - და "ვერცხლის პრომეთე" - საუკეთესო რეჟისურისთვის. ასევე, გამოვლინდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებული, რომელსაც ფარაჯანოვის სახელობის პრიზი გადაეცემა.
გასული 12 წლის მანძილზე ფესტივალმა 500-მდე რეჟისორს, მსახიობს, პროდიუსერს, კინომცოდნეს და სხვა პროფესიონალს უმასპინძლა. ამ წლების განმავლობაში ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ცნობილი კინომოღვაწეები, როგორებიც არიან ბობ რაფელსონი, მაიკლი, ფრანკო ნერო, ლეოს კარაქსი, კშიშტოფ ზანუსი, მიკა კაურისმეკი, ბრუნო დიუმონი, ჰიუ ჰადსონი, მარიამ დ’აბო, გრეტა სკაკი, ჩულპან ხამატოვა, ჯაფარ პანაჰი და სხვები. ფესტივალის მთავარი პარტნიორია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის ორგანიზატორებს მუდმივად უწევენ კონსულტაციას ბერლინალეს „ფორუმის“ დამაარსებლები ერიკა და ულრიხ გრეგორები, აგრეთვე სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორები, ცნობილი მსახიობები, პროდიუსერები და ამ სფეროს აღიარებული პროფესიონალები. კინოფესტივალი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო გამოცემებთან, როგორიცაა Hollywood Reporter და Screen Daily