„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლია მუხაშავრია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ყოფილი მაღალჩინოსნების ყალბი პასპორტის მოპოვების შეფასებისას, აცხადებს, რომ აუცილებელია ექსპერტიზამ დაადგინოს, ეს კუსტარულად დამზადებული, თუ შესაბამისი უწყების მიერ, ოფიციალურად გაცემული ყალბი დოკუმენტებია.
შესაბამისად, მუხაშავრია, აღნიშნულ საქმეში, საჯარო რეესტრის ბრალეულობასაც არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ჯერ საჭიროა, გამოძიებასა და ექსპერტიზის შედეგებს დაველოდოთ.
„ყალბი დოკუმენტით სარგებლობა, სისხლის სამართლის დანაშაულია და ცხადია, ეს დანაშაული გამოძიების მიერ, უნდა იყოს შეფასებული და გამოძიებული. რა თქმა უნდა, უნდა გადამოწმდეს ვისი მეშვეობით მოხდა ამ დოკუმენტის გაყალბება. ხანდახან, დოკუმენტის გაყალბება კუსტარულად, ინდივიდუალური დამნაშავის მიერ ხდება და ხანდახან, განსაკუთრებით კი, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს თავად რეესტრის მიერ, გაცემული დოკუმენტებია. ანუ პრაქტიკულად, ავთენტურია უბრალოდ, მათში ყალბი მონაცემებია შეყვანილი. ამ საკითხის დაზუსტება ექსპერტიზას შეუძლია, რომელიც ცალსახად დაადგენს, ეს კუსტარულად დამზადებული თუ შესაბამისი უწყების მიერ, დამზადებული და გაცემული ყალბი დოკუმენტია“, - განაცხადა მუხაშავრიამ.
მისივე თქმით, გამოძიების და ექსპერტიზის შედეგების შემდეგ, შეიძლება ზუსტად დაკვალიფიცირდეს ასეთ შემთხვევაში, ვისი დანაშაული უფრო მეტად იკვეთება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემეირ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით მქონე პასპორტი აღმოაჩნდა.
აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე.
აღნიშნულ საკიქმეზე დაიკითხა ვანო მერაბიშვილი და უწყებაში კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის პრეზიდენტის პროტოკოლის უფროსიც.
ასევე ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოძიებამ კიდევ ერთი საეჭვო წარმომავლობის პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპოვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პასპორტი გაცემულია ვინმე გოჩა წერეთლის სახელზე, თუმცა მასში განთავსებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ქ. თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი.
გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ დასახელებული პასპორტი და პირადობის მოწმობა, მართლაც იყო მის განკარგულებაში გარკვეული დროის განმავლობაში.
მანვე გამოძიებას განუმარტა, რომ ანალოგიური პასპორტები, სხვისი დემოგრაფიული მონაცემებით, შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც ჰქონდეთ.