მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, საქართველომ ნატო-ს მინისტერიალზე MAP-ის მიღების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, აცხადებს, რომ პრეზიდენტი ან შეცდომაში იყო შეყვანილი, ან მცდარი განცხადება გაკეთდა.
პეტრიაშვილის თქმით, MAP-ი მინიჭების შესაძლებლობა ამ მინისტერიალზე არ ყოფილა.
„თუ პრეს-ცენტრმა ახსენა MAP-ი, მინდა, გითხრათ, რომ ამ მხრივ მცდარი და გადაჭარბებული მოლოდინი იყო შექმნილი. ამ მინისტერიალზე საქართველოსთვის MAP-ი მინიჭების საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა. ეს მინისტერიალი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დადებითად შეფასდა საქართველოს არჩევნები. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, აქვს სრული ნდობა საქართველოს მთავრობის, რომ ის დაიცავს კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, MAP-ზე არჩევნების შემდეგ არც ერთხელ არ ყოფილა საუბარი და ადრეც მცდარი მოლოდინი იყო შექმნილი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.