ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებების გამო, ნატო-ს მაღალჩინოსნებმა გააკრიტიკეს. მოგვიანებით, ხელისუფლება კრიტიკის მარწუხებში, დასავლურმა და ფრანგულმა პრესამ მოაქცია. სამი დღის წინ კი, მმართველი გუნდი გაერო-ში მხარდაჭერილი რეზოლუციის გამო გაკიცხეს, რომლის მიხედვითაც, პალესტინას გაეროს „არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭა. თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? From.ge საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს ესაუბრა:
პალესტინის სტატუსის მხარდაჭერის გამო, ახალი ხელისუფლება კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მართალია, საქართველოს ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში აქვს დამყარებული, მაგრამ რეზოლუციას მხარი რა მოტივით დაუჭირეთ?
-პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ კიდევ 1992 წელს გვქონდა დამყარებული. შესაბამისად, გაეროში უამრავი რეზოლუცია და გადაწყვეტილება იყო მიღებული და ამ პროცესში, ჩვენც ვმონაწილეობდით. ყოველგვარ გადაწყვეტილებას თავისი პოლიტიკური კონიუნქტურა გააჩნია. საკითხის ზედმეტი დრამატიზებისაგან და რიტორიკის ესკალაციისაგან თავს შევიკავებ, რომლითაც ბევრია დაკავებული. ამ გადაწყვეტილების მიღებით დიდი არაფერი შეცვლილა და საქართველომ 137 სახელმწიფოს შორის საკითხს დაუჭირა მხარი.
ჩვენი ემოციური აღქმა კი, იმასთან იყო დაკავშირებული, რომ როცა პირველ დღეს ეს ინფორმაცია შევიტყვეთ, ამბის მოცულობა მწირი იყო და ჩვენი შეფასებაც ემოციური და ნეგატიური მუხტის მატარებელი იყო, მაგრამ ამ ინფორმაციის შემოტანის შემდეგ, პოზიციებიც იცვლებოდა. ეტყობა, ჩვენმა დიპლომატებმა ის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ამ კონკრეტულ პოლიტიკურ კონექტიურას მიესადაგებოდა. ყოველ შემთხვევაში, მხარდაჭერა მიმართული იყო იმისკენ, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესები დადებითად ასახულიყო. ალბათ, გასაგებია მხარს თუ რატომ ვუჭერთ, ჩვენი ამოცანა არაღიარების პოლიტიკაა და ამ კუთხით, ჩვენი დიპლომატები ინტენსიურად მუშაობენ, მაგრამ ეტყობა არაბულ სამყაროსთან გარკვეული კითხვები იყო, რის გამოც ქართულმა მხარემ ვითარება აწონ-დაწონა, გადაწყვეტილება მიიღო და ამით არაბულ ქვეყნებს მესიჯი გაუგზავნა.
თუმცა, ამ მხარდაჭერის გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გადაიდო და საქართველოში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ქართული მხარის პოზიციით იმედგაცრუებულია. ამ ყველაფერს, რამდენად გაგებით მოეკიდება ისრაელი და ქვეყნებს შორის ურთიერთობა ხომ არ დაიძაბება?
-დიპლომატია მრავალ წახნაგოვანია, ერთ-ერთი მთავარი კი, საჯაროობაა. ეჭვი მეპარება, რომ ელჩი ან საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი გამოვიდეს თქვას, რომ საქართველოში რა კარგი ბიჭები ყოფილხართო. რა თქმა უნდა, მათ თავისი პოზიცია დააფიქსირეს. დიპლომატებს მოვუწოდებდი, რომ კონსულტაციები გააგრძელონ და ისრაელი დაარწმუნონ, რომ საკითხი კონკრეტულ კონიუნქტურასთან იყო დაკავშირებული.
თუმცა, ამ მხარდაჭერის გამო, ხელისუფლება ოპოზიციამ მკაცრად გაკრიტიკა. ადრე კი, როდესაც, ოპოზიციაში იყავით იმისთვის გკიცხავდნენ, რომ ქვეყნის ინტერესებს არ იცავენო. მათ კრიტიკა-კრიტიკისთვის გამოთქვეს, თუ?
-საკითხზე, უმცირესობაში, უმრავლესობასა და საექსპერტო წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა. დამერწმუნეთ, რომ არც უმრავლესობაში იყო საკითხის შესაბამისი აღქმა და უამრავი კითხვა დაისვა. პარლამენტში განცხადებების კეთება კარგია, მაგრამ ეროვნული ინტერესები უნდა გვახსოვდეს და განცხადებების კეთებისას, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
რაც შეეხება დასავლურ პრესაში ახალი ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ მწვავე კრიტიკას, მსგავსი ტიპის სტატიები ახალი მთავრობის მიმართ განწყობების შექმნაში, რა როლს თამაშობენ?
-მსგავსი ტიპის სტატიები, არ მახარებს, მაგრამ ამის დრამატიზება, ქარიშხლის ატეხა და კარებების მტვრევა მართებულად არ მიმაჩნია. მთავარია, ნებისმიერი პუბლიკაციის ანალიზი გააკეთო და დასკვნა გამოიტანო - რა უნდა შეცვალო. მგონი, მმართველი გუნდის პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლება ინფორმაციის გატანასთან დაკავშირებით არასათანადოდ არის აღჭურვილი არამარტო გარეთ, არამედ შიგნითაც.
ანუ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საინფორმაციო ბრძოლას აგებთ?
-გასაგებია, რომ ცალმხრივი ინფორმაცია იმ ფორმატში მიდის, რომელიც აღქმულია უმცირესობის მიერ, მაგრამ ჩვენ კრიტიკულად საკუთარ თავს უნდა შევხედოთ და არა ისინი ვაკრიტიკოთ, რომ ასე აკეთებენ. ამასთან დაკავშირებით, პრაქტიკული ნაბიჯები უახლოეს პერიოდში გადაიდგმება, რადგან პრემიერ-მინისტრს უკვე მრჩეველთა საბჭო ეყოლება, რომელიც პიარით იქნება დაკავებული. დემოკრატია გარეთ და შიგნით იდეების ჭიდილია და ამიტომ, მარტო კი არ უნდა გავბრაზდეთ, არამედ ჩვენი პოტენციალი უნდა გამოვნახოთ, რომ ბალანსი შეიქმნას. შედეგი კი, ხარისხიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს.
საგარეო პოლიტიკაზე გარკვეულ გავლენას ელჩები ახდენენ, რომელთა დანიშვნა-გათავისუფლება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს საგარეო უწყება რამდენიმე ელჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. რა ხდება ამ კუთხით?
-იგივე ვითარებაა. ახალი ელჩების დანიშვნას ვერ ვახერხებთ, ვინაიდან მათი დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა, გიგა ბოკერიას მეშვეობით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პრეზიდენტთან არსებობს სია იმ ელჩებზე, რომლებიც გამოწვეული უნდა იქნენ. ეს სია კი, მას ბოკერიამ გადასცა, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თან, ტრაგიკომიკური ვითარებაა, რადგან მაია ფანჯიკიძეს ამერიკაში გვერდს თემურ იაკობაშვილი უმშვენებდა, ნატოში კი, გეგა მგალობლიშვილი. მათ კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ ჩვენს საგარეო ხედვებს არ ეთანხმებიან და ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან, რომელიც ჩვენს პოლიტიკას სრულად იზიარებს. ჩემთვის კი, ეს გაუგებარია და იმედია, ეს საკითხი გადაწყტდება.
თქვენ ამბობთ, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სვლას გააგრძელებს. წინა ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველოს დეკემბერში მაპი-ს მიღების შანსი ჰქონდა. რეალურად, ამ მხრივ, რა ვითარებაა ?
-რომანტიული და ემოციური მიდგომა გვაქვს, რომ ყველას ნატოში ინტერგაცია გვინდა, მაგრამ ეს გრძელვადიანი პროცესია, ეს გზა კი, გრძელი და რთული იქნება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება რამდენად ადეკვატური, რელევანტური და დემოკრატიული იქნება საქართველო, რადგან ნატოში სამხედრო პოტენციალს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაკლებ ენიჭება მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად ინსტიტუციონალური დემოკრატია გვექნება. ახალ მთავრობას ქვეყანა ამ კუთხით მიჰყავს და ნატოსკენ სვლა რეგიონიდან დაიწყება და არა პირიქით ბერლინის კედლიდან, როგორც ამას პრეზიდენტი ამბობდა. რეგიონში სამაგალითო ქვეყანა უნდა გავხდეთ.
რაც შეეხება ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთში წარმომადგენლად - ზურაბ აბაშიძე დაინიშნა, მაგრამ ურთიერთობის აღდგენის კუთხით, ახალი არაფერია. ექსპერტები კი ამბობენ, რომ რაც უფრო დრო გავა, საუბრის დაწყება მით უფრო ძნელი იქნება. როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობის აღდგენა?
-ომის დაძლევა ძნელია, რადგან ეს რეგრესი, რომელიც ურთიერთობებმა განიცადა, ამის გადალახვა ძნელი იქნება. შეიძლება პალესტინის სტატუსის მხარდაჭერაც ამასთან ყოფილიყო დაკავშირებული. საქართველო რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორიების „დამოკიდებლობას“ არასოდეს ცნობს. ჩვენ ურთიერთობის აღდგენაზე ვსაუბრობთ და ალბათ, ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება. რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ ურთიერთობის დაწყება ჩვენი ინტერესების ხარჯზე არ მოხდება.
ერთი პერიოდი, ემბარგოს მოხსნაზე იყო საუბარი. . .
-გვინდა, რომ გარღვევა მოხდეს და ძალიან გახარებული ვიქნები თუ თუნდაც ერთი ბოთლი ბორჯომი ან ქინძმრაული რუსულ ბაზარზე მოხდება.