საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წმ. გრიგოლ ფერაძისა და ჩერქეზების სახელს ატარებს და წმ. გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების 70 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაზე სააკაშვილი დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ფასეულობებზე ესაუბრა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული წარმატებები იყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წინსვლა და დემოკრატიული პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
„საქართველო უკან, რუსეთის გავლენისკენ აღარ დაბრუნდება, რადგან ხალხმა უკვე გაუგო გემო წარმატებას, დემოკრატიას, ხელისუფლების ცვლის დემოკრატიულ პროცესს და ეს არის ის, რასაც ევროპული საწყისი ჰქვია. ამ განვითარებაზე ხალხი უარს აღარ იტყვის. ჩვენი პოლიტიკაა გრძელვადიანი განვითარება, მშვიდობა და შესაძლებლობები რეგიონის თითოეული მკვიდრისთვის" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან საქართველოს მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის უცლელია ის მისწრაფებები, რომელთა ერთგულიც იყო გრიგოლ ფერაძე, ეს კი მშვიდობა და რეგიონის თავისუფლებაა. მისივე თქმით, გრიგოლ ფერაძე დღესაც წარმოადგენს თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს და საქართველოც მის გზას უნდა გაჰყვეს.
პრეზიდენტი ერთიანი კავკასიის იდეასაც შეეხო და განაცხადა, რომ ერთიანი კავკასია უნდა გახდეს მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლო.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამდე აუდიტორიას პოლონეთის სენატის მარშალმა ბოგდან ბორუსევიჩმა მიმართა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწეული პროგრესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს.
„საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და ეს ქვეყანაში გამართულმა ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა. საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც დაცულია კანონის უზენაესობა. არჩევნების შედეგად მოსულ მთავრობას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ამიერიდან, ისინი იქნებიან პასუხისმგებელი იმაზე, როგორ აღიქვამენ საქართველოს იმიჯს ევროპაში. გამარჯვებულმა ძალამ კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. შურისძიება არ უნდა იყოს მისი მამოძრავებელი, მით უმეტეს, იმ ძალის მიმართ, რომელმაც არჩევნებში დამარცხება აღიარა" - განაცხადა სენატის მარშალმა.
მიხეილ სააკაშვილი ბოგდან ბორუსევიჩის გამოსვლასაც გამოეხმაურა და განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობას დაუთმო. მისი თქმით, რომ არა პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველო, როგორც სახელმწიფო ვერ გადარჩებოდა.
მიხეილ სააკაშვილმა ფორუმის მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხა, რომელთა შორის იყვნენ ამერიკელი, გერმანელი და ფრანგი მეცნიერები, ასევე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორები და პოლონეთის პარლამენტის წევრები.
საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყვავილებით შეამკო იმ პროფესორ-მასწავლებელთა მემორიალი, რომლებიც, გრიგოლ ფერაძესთან ერთად, ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ.