საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს განმეორებით დაიკითხება.
მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზეა დაბარებული.
ყოფილი პრემიერის განმეორებით დაკითხვა მის მიერ, საქართველოს საზღვრის ყალბი დოკუმენტაციით გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდება.
ცნობისთვის, ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილმა ჩვენება 1-ელ დეკემბერს უკვე მისცა, თუმცა შსს-ის ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმა გამოძიებასთან ფაქტობრივად არ ითანამშრომლა, რის გამოც მისი ხელმეორედ დაკითხვა მიიჩნია აუცილებლად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინეს ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.
„აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე. იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23.00 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა“, - ნათქვამია შსს-ის მიერ 1-ელ დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხზე მერაბიშვილის გარდა, უწყებაში კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის პრეზიდენტის პროტოკოლის უფროსიც დაიკითხა.