თბილისის მერია გარემოს დაცვის სამინისტროს შეთავაზებას ეხმაურება და დედაქალაქში მწვანე ზონების განვითარების ხელშესაწყობად, მზადაა სამინისტროსთან ითანამშრომლოს. ამის შესახწბ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისში, ბოლო დროს, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. რიგ შემთხვევებში, მწვანე ნარგავების შენარჩუნება ვერ ხერხდება, რაც საზოგადოების კრიტიკას იწვევს. თბილისის მერია, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება მწვანე საფარის დაცვას და ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნების მიზნით, საკომპენსაციო ღონისძიებებს ახორციელებს. შესამამისი სამსახურების მიერ, სამშენებლო ტერიტორიიდან, ხე-მცენარეებისა და მწვანე საფარის ალტერნატიულ ფართზე გადარგვა ხორციელდება. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა რაიონში, მწვანე საფარით განაშენიანება მიმდინარეობს. ინტენსიურად გამწვანდა გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ხუდადოვის ტყის ტერიტორია,
გაშენდა ვარკეთილისა და დიდი დიღმის ქარსაცავი მწვანე ზოლი, ქალაქის სხვადასხვა რაიონში 100-მდე სკვერს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მწვანე ზონების გაფართოვების თვალსაზრისით, თბილისის მერია საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2011 წლიდან თბილისის მერიასა და WWF-ს შორის სამწლიანი თანამშრომლობის პროექტი ხორციელდება, რომელიც თბილისის შემოგარენში 100 ჰა ტყის მასივის აღდგენასა და შემდგომში მის მოვლა-პატრონობას ითვალისწინებს. თბილისის მერიისთვის გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება და ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენა უმნიშვნელოვანესი და უწყვეტი პროცესია", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.