ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგები დეკემბერში ხელფასების გარეშე რომ არ დარჩნენ, მთავრობა იძულებულია 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ განაცხადა, დეფიციტი იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ასიგნებები სხვა პროგრამების დასაფინანსებლად მიიმართა, რის შედეგადაც ამ ეტაპზე, განათლების სამინისტროს არ აქვს საკმარისი რესურსი საჯარო სკოლების მასწავლებელთა დეკემბრის ხელფასების დასაფინანსებლად.
ამას გარდა, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით განხორციელდება სხვა დეფიციტური პროგრამების დაფინანსება.
ბიუჯეტში თავისუფალი რესურსებიც გამოინახა, რომლებიც ფინანსთა მინისტრის მოადგილის, დავით ებრალიძის განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული პრიორიტეტების, მათ შორის სოფლის მეურნეობის დაფინანსებისკენ წელსვე მიიმართება.