ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახმედ ჩატაევის განცხადებით, მას საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წყენა არ აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.
„პირველ რიგში, მადლობას გიხდით ჟურნალისტებს, რადგან ამისთვის ბევრი გააკეთეთ. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. საქმე გრძელდება, მაგრამ მე ვიცი, რომ დამნაშავე არ ვარ, რადგან ხელყუმბარები არ მქონდა. ერთი საქმის გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული და ვიდრე ის გადაწყდება, გირაოთი გამომიშვეს. საქმე აღძრულია იმ სამ მოწმესთან დაკავშირებით, რომლებმაც თქვეს, რომ ხელყუმბარები მქონდა"- განაცხადა ჩატაევმა.
მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წყენა არ აქვს და არც ის იცის, ვინ ესროლა მას.
„ლაფანყურზე რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ჩემი მეგობრის მეშვეობით დამიკავშირდნენ ქართველი სამხედროები და მთხოვეს, რომ მოლაპარაკება მეწარმოებინა შეიარაღებულებთან, რათა ყველაფერი უბრძოლველად გადაწყვეტილიყო. ასე მოვხვდი მე იქ. ჩეჩნებს დაველაპარაკე და იმ მიმართულებით წავედი, სადაც ქართველები იდგნენ. მე მათგან პასუხს ველოდი, თუმცა ამის მაგივრად ტყვია მივიღე, მაგრამ არ ვიცი, ვინ მესროლა" - განაცხადა ჩატაევმა.
მისივე ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს ჩეჩნეთში გადასვლა სურდათ. ამასთან, ჩატაევის ინფორმაციით, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბოევიკები საქართველოს გავლით ჩეჩნეთში გადასვლას ცდილობდნენ.
ლოპოტას სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახმედ ჩატაევი დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.