დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სამსახური მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის.
აღნიშნული სამსახური 1994 წლიდან, ანუ დაარსებიდან დღემდე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ქვეშ იყო, მაგრამ ცვლილებებით, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელს პოსტზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს.
ამასთან, პროექტით, ამ სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხას ასევე მთავრობა დაამტკიცებს.
გარდა ამისა, ინიციატივით, აღნიშნული სამსახურისთვის კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება მხოლოდ მთავრობის სამართლებლივი აქტით იქნება შესაძლებელი.
ცვლილებების ავტორი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი.