საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოგა ხაჩიძის მშობლების სახლის ჩხრეკის ფაქტს, საპროცედურო და წესების კომიტეტი შეისწავლის.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ხაჩიძის სახლის ჩხრეკის ფაქტზე, მის სახელზე უმცირესობის წერილია შესული, სადაც ნათქვამია, რომ იმის გამო, რომ დეპუტატის ბინაში განხორციელდა ჩხრეკა და ამას წინასწარი ნებართვა სჭირდებოდა, ეს საკითხი განსახილველად საპორცედუორ კომიტეტს გადაეცეს.
სპიკერის შეფასებით, კონსტიტუციის კანონდარღვევა არ იკვეთება, რადგან ეს სახლი გოგა ხაჩიძის მშობლების კუთვნილებაა, თუმცა, ვინაიდან, საკითხი შეეხება დეპუტატის ოჯახში განხორციელებულ ჩხრეკას და უმცირესობა რეაგირებას ითხოვს, საკითხი შესასწავლად, კომიტეტს გადაეცემა.
„ალბათ, უახლოეს ხანებში, სრულყოფილ ინფორმაციასაც მოგვაწოდებენ. ზოგადად, ის პრაქტიკა უნდა დავნერგოთ, რომ დეპუტატის სტატუს ყველამ პატივი უნდა სცეს, მაგრამ დეპუტატებმაც უნდა ვაღიაროთ, რომ სამართალდამცავებს აქვთ თავინათი კითხვები და მათ ღონისძიებების გატარება შეუძლიათ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.