6 დეკემბერს „ახალი მემარჯვენეების“ ახალ ოფისში (ირაკლი აბაშიძის N16 ) პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ეს პირველი სხდომაა მას შემდეგ, რაც პარტიამ 4 ოქტომბერს პოლიტიკური და საორგანიზაციო ტაიმ–აუტი გამოაცხადა.
მთავარი კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები: პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება მთავარი კომიტეტის წევრს, პარტიის ერთ–ერთ ლიდერს ფიქრია ჩიხრაძეს დაევალა. მთავარმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სამდივნოს აღდგენის შესახებ, რომლის შემადგენლობაში პარტიის ლიდერები შევლენ: პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობას მამუკა კაციტაძე შეასრულებს, პოლიტიკური მდივნის – მანანა ნაჭყებია, საორგანიზაციო მდივანი კვლავ რევაზ სოხაძე იქნება, პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე ამავდროულად საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ფუნქციასაც შეასრულებს, რეგიონული მდივნის მოვალეობის შესრულება გიორგი ასათიანს დაევალა.
მთავარმა კომიტეტმა სამდივნოს მომავალი წლის იანვარში პარტიის რიგგარეშე ყრილობის მომზადება და ჩატარება დაავალა, რომელიც აირჩევს პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარეს, მთავარი კომიტეტის ახალ შემადგენლობას და ცვლილებებს შეიტანს პარტიის წესდებაში.
მიმდინარე პერიოდში პარტია შიდა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით დაკავდება, რაც შეეხება პოლიტიკური აქტივობის სრულფასოვნად განახლებას, ეს უფრო მოგვიანებით, იანვარში დაგეგმილი რიგგარეშე ყრილობის ჩატარების შემდეგ მოხდება.