გიორგი თავდგირიძე: მფარველის გარეშე,  კონკრეტული ჯგუფები კონტრაბანდულ იარაღს ვერ შემოიტანდნენ

გიორგი თავდგირიძე: მფარველის გარეშე, კონკრეტული ჯგუფები კონტრაბანდულ იარაღს ვერ შემოიტანდნენ

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე თავდაცვის სამინისტროს მიერ, იარაღის შეძენასთან დაკავშირებით,  გავრცელებული განცხადების შეფასებისას, აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია ეს იარაღი ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოსულიყო.

თავდგირიძის განცხადებით, საქართველო ისეთ რეგიონშია,  სადაც იარაღზე მოთხოვნა ყოველთვის  არსებობს და აღნიშნავს, რომ მოთხოვნა   ზუსტად, არალეგალურ იარაღზეა  და არა ოფიციალურად გაფორმებული იარაღის ყიდვა-გაყიდვაზე.

„რა თქმა უნდა,  გარკვეულწინად, მოთხოვნა ოფიციალურად გაფორმებულ იარაღზეცაა,  მაგრამ ჩრდილოეთ კავკასია და სხვა რეგიონები,  სადაც იარაღის ტარებასთან დაკავშირებით  სახელმწიფო კონტროლი მოიკოჭლებს,  საკმაოდ დიდია მოთხოვნა არალეგალურ იარაღზე.  რაკი,  მოთხოვნა დიდია,  შესაბამისად,  ცდუნება იმისა,  რომ გარკვეული ჯგუფები დაკავდნენ იარაღის ვაჭრობით საკამოდ მაღალია. შესაბამისად, კონტრაბანდული იარაღით ვაჭრობისას, რისკის დონე ძალიან  მაღალია. დეტალები,  თუ რა ჯგუფი იყო ამით დაკავებული და  როგორ ახორციელებდა იარაღის კონტრაბანდას,  ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა“, - განაცხადა თავდგირიძემ.

კითხვის პასუხად, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული ამ რაოდენობის იარაღის ქვეყანაში შემოტანით, თავდგირიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არალეგალური იარაღი პოლიტიკური მიზნებით შემოდიოდა, თუ ეს  იარაღით კონტრაბანდული ვაჭრობა იყო, ამას გამოძიება დაადგენს.

„კონტრაბანდის შემთხვევაში,  აქ საუბარია იმაზე,  რომ საქართველო  ტრანზიტული ქვეყანა ყოფილიყო და  მესამე ქვეყნებზე, ცალკეულ  ჯგუფებში გაყიდულიყო.  ხოლო,  რაც შეეხება იმას, რომ იარაღი ქვეყანაში შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის შემოდიოდა, ამაზე საუბარი ძნელია და ეს გამოძიების პრეროგატივაა. ძალოვნების მხრიდან, საქართველოში კონტროლი მაღალი იყო. მხოლოდ ძალოვნებს შეიძლებოდა გარკვეულწილად,  „დაეკრიშათ“  იარაღის კონტრაბანდა. აქედან გამომდინარე, ასეთი ჯგუფები ვერ იმოქმედებენ, თუ მათ მფარველი არ ეყოლებოდათ,  მაგრამ მფარველი ვინაა ესაა გასარკვევი. ხოლო  საუბარია იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროში  გაუფორმებელი იარაღი არსებობდა, ამაზეც  რთულია მსჯელობა და ეს გამოძიების პრეროგატივაა“, - განაცხადა თავდგირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე იარაღის უკანონო ვაჭრობის შესახებ ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მრჩევლის, ვაკო ავალიანის განცხადებით, სამსახურეობრივი შემოწმების დროს,  აღმოჩენილ იქნა 47 ტიპის მოძველებული, მეორედი, შეღებილი და ზოგიერთ შემთხვევაში,  კუსტარულად შეკეთებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ავალიანის თქმით,  დოკუმენტების თანახმად, ერთ ცალ ავტომატში გადახდილია 290 ევრო რეალურად კი, საბაზრო ღირებულება 50 ევროს ფარგლებში მერყეობს.

შესაბამისად, მისი თქმით, რადგან სახეზეა აშკარა დანაშაულის ნიშნები, ეს საქმე საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნება.