თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მათთვის მიუღებელია დედაქალაქის მერის მიერ ბიუჯეტის განხილვა მხოლოდ უმრავლესობის წევრებთან ერთად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების ხელმძღვანელებმა დღეს ბრიფინგი გამართეს, რომელშიც ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისის" თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი, „თავისუფლების" თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და „ქრისტიან-დემოკრატების" ხელმძღვანელი ზაზა გაბუნია მონაწილეობდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, გუშინ თბილისის მერმა გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი ქალაქის ერთპიროვნული მმართველი და „ნაციონალური მოძრაობის" მერია.
დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ თბილისის ბიუჯეტის პარამეტრები საბოლოო ფორმირებამდე, საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად უნდა ყოფილიყო განხილული და შეთანხმებული.
მათი განმარტებით, თბილისის საკრებულოს არც ერთ ოპოზიციურ ფრაქციას ქალაქის მერთან ბიუჯეტის განხილვაზე მსგავსი შეხვედრა არ ჰქონია. ამ ფაქტს დეპუტატები საკრებულოში ოპოზიციის იგნორირებად მიიჩნევენ.
დეპუტატების განცხადებებს საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი გამოეხმაურა. შოშიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისის მერმა გუშინ საზოგადოებას 2013 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი გააცნო და ეს პროექტის განხილვა კი არა, პრეზენტაცია იყო.
„ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში გუშინ შემოვიდა და დღეს დეპუტატებს დაურიგდათ. დედაქალაქის მერი პროექტის განხილვას ფრაქციებში 10 დეკემბრის შემდეგ დაიწყებს და ეს 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება" - აღნიშნა თამაზ შოშიაშვილმა.