ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ახმედ ჩატაევს სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და იგი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
აღნიშნული შუამდგომლობა თავად პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
შედეგად, ჩატაევს 5 000 ლარის ოდენობის გირაო დაეკისრა. თანხის გადასახდელად მას 30-დღიანი ვადა მისცეს. ამასთან, იგი ვალდებულია, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია.
ჩატაევის საქმეზე მომდევნო სხდომა 19 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში 7 სექტემბერს განხორციელებული დევნის ოპერაციის შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი იქნა ლიკვიდირებული. ახმედ ჩატაევიც სწორედ აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით ედება, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამასთან, ახმედ ჩატაევი უკრაინაში ორი წლის წინაც დააკავეს და რუსეთმა მისი ექსტრადირება მოითხოვა. ჩატაევს რუსეთში ტერორიზმსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ.
ჩატაევის ექსტრადაცია რუსეთმა საქართველოსაც მოსთხოვა, თუმცა როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ქართული მხარე ჩატაევის გადაცემას არ აპირებს.