სახალხო დამცველობის კანდიდატი უჩა ნანუაშვილი წინადადებით გამოდის, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია შეიქმნას.
ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო სექტორის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატები უჩა ნანუაშვილს უსმენენ, რომელიც პრიორიტეტებზე საუბრობს.
მისი თქმით, ომბუდსმენი უფრო მეტად აქტიური უნდა გახდეს, სამოქალაქო საზოგადოებასთან მეტად აქტიურად უნდა იმუშაოს და მისი მუშაობა უფრო ეფექტური უნდა იყოს.
ნანუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია უნდა შეიქმნას, რომელიც სისტემურ ხედვაში დაეხმარებათ - თუ რა სახის პრობლემები არსებობს ქვეყნაში.
ომბუდსმენობის კანდიდატის განცხადებით, სახალხო დამცველი კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვაზე უნდა იყოს აქტიურად ჩართული, რადგან მასობრივი დარღვევები ფიქსირდება.
ამასთან, ნანუაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისები ძალიან სუსტად მუშაობენ და მათი ცნობადობაც ნაკლებია. შესაბამისად, ოფისების მუშაობა უნდა გაუმჯობესდეს.
ნანუაშვილის შეფასებით, სახალხო დამცველის ინფორმაციის საფუძველზე პირდაპირ გამოძიება უნდა დაიწყოს.
პარლამენტი სახალხო დამცველს 7 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. დღეს, კი უჩა ნანუაშვილს უმცირესობა საკუთარ სხდომაზე მოუსმენს.