აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 26 დეკემბერს გაიმართება.
პროცესი 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთი წლის წინ დაწყებული საქმის განხილვა გაგრძელდა.
ასლან აბაშიძის, დავით ხალვაშის, ელგუჯა ჯინჭარაძის, ჯემალ გოგიტიძის, იოსებ გოგიტიძის და ამირან კურცხალიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს აღიძრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით ორი მოწმე, გიორგი აივაზოვი და მამუკა აბულაძე დაკითხა.
როგორც პროკურორი რამაზ შავაძე განმარტავს, საქმესთან დაკავშირებით კიდევ 50 ადამიანი დაიკითხება.
„საქმე არის 37-ტომიანი. ასლან აბაშიძეს ბრალი ედება ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობაში, ჩოლოქისა და ქაუთის ხიდების აფეთქებაში,, ოაზისთან აფეთქებაში. ასევე, უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაში. აბაშიძის მიმართ გამოტანილია ერთი განაჩენი, მას ეკონომიკური დანაშაულისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევა“, - განაცხადა რამაზ შავაძემ.
ასლან აბაშიძის ადვოკატის ლევან სამუშიას მტკიცებით, აბაშიძის ბრალეულობა ვერ დადასტურდება.
„წარმოდგენილი ბრალდებებით ვერ დასტურდება ასლან აბაშიძის ბრალეულობა. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ბრალდებების უსაფუძვლობას დავადასტურებთ“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ცნობისთვის, ასლან აბაშიძე 2004 წლის მაისიდან რუსეთში იმყოფება. წლების განმავლობაში აბაშიძის ინტერესებს ადვოკატი შალვა შავგულიძე იცავდა.