დუისელების აქცია იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა. პანკისის ხეობიდან ჩამოსულები ახმედ ჩატაევის უკანონო პატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვენ.
აქციის მონაწილეებთან სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა, რის შედეგად, სამინისტროში აქციის სამი მონაწილე შევიდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ახმედ ჩატაევი ლაფანყურის ოპერაციის შემდეგ, 10 დღის შემდეგ დააკავეს და იგი ამ დრომდე უკანონოდ იხდის სასჯელს და პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება.
საქართველოს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის, მექა ხანგოშვილის განცხადებით, მთელი პანკისის ხეობა ახმედ ჩატაევს თავდებში უდგება.
„ეს არის თხოვნა, ეს არაა აგრესიული ფორმა. მშვიდობიანი აქციაა და ვითხოვთ ახმედ ჩატაევი, რომელიც მართლაც, ნამდვილად, აბსოლუტურად, ყველა სამართლებრივი საფუძველი ამაზე მეტყველებს, უდანაშაულოა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ადამიანის გათავისუფლება უნდა მოხდეს. მთელი პანკისის ხეობა მას თავდებში უდგება“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.
აქციაზე იმყოფება ახმედ ჩატაევის მეუღლე აინა მარგოშვილიც. მისი განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ახმედ ჩატაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს და ის უნდა გაათავისუფლონ.
„ის უდანაშაულოა, რატომ უნდა იყოს ციხეში? ინვალიდია. ფეხი და ხელი არ აქვს. გაითვალისწინონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა აინა მარგოშვილმა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ეს აქცია შედეგს არ გამოიღებს მაშინ, ისინი მსგავსი აქციების მოწყობას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აპირებენ.
შეგახსენებთ, ახმედ ჩატაევის მხარდამჭერი აქციები პანკისის ხეობაში პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დღეს კი, აქციის მონაწილეები თბილისში ჩამოვიდნენ.
ახმედ ჩატაევი პროკურატურამ ლაფანყურის სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ დააკავა. მას ბრალი ასაფეთქებელი ნივთიერებების არამართლზომიერად შეძენა, შენახვა, ტარებაში ედება. ახმედ ჩატაევის მორიგი სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 დეკემბერსაა ჩანიშნული.