ტელეკომპანია „მეცხრე არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი სოციალ ქსელ facebook-ში, საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას ბექაური მათ „უძღვნის" ვინც ვერ ანსხვავებს ფერმას და ტელევიზიას.
კახა ბექაურის განცხადებით, დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „მეცხრე არხზე” რამდენიმე დღის წინ განხორციელებულმა მენეჯმენტის ცვლილებამ.
„ბუნებრივი იყო ცვლილებაც და ატეხილი აჟიოტაჟიც. მაგრამ ახლა ამაზე არ ვაპირებ საუბარს, ამაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება საუბარი, თუ რატომ იყო ეს ცვლილება და აჟიოტაჟი ბუნებრივი“ - წერს ბექაური.
მისივე თქმით, ნებისმიერი პროფესია დასაფასებელია და არც ერთი პროფესიის ადამიანი სხვა პროფესიის ადამიანზე მაღლა არ დგას და გამორჩეული არ არის.
„ტელევიზია მაინც განსხვავდება სხვა ბიზნესებისგან და ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია. ფერმაში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც იღებენ მონაწილეობას პროდუქტის წარმოებაში, საზოგადოება არ იცნობს და არც ისინი წარადგენენ თავად ფერმაში წარმოებულ პროდუქტს საზოგადოების წინაშე. ფერმის პროდუქტის შემქმნელი უხილავია მომხმარებლისთვის (საზოგადოებისთვის), მათ ისინი ვერ ხედავენ. ამიტომ პროდუქტი ცუდია თუ კარგი, ამაზე ფერმის თანამშრომელს პასუხისმგებლობა არა აქვს მომხმარებლის წინაშე. მისი რეპუტაცია არ ზარალდება. ცუდი პროდუქტის წარმოების შემთხვევაში ზარალდება მხოლოდ ფერმის (კომპანიის, ბრენდის) რეპუტაცია.
ტელევიზიის შემთხვევაში კი საქმე სულ სხვაგვარადაა. ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი (ჟურნალისტები, წამყვანები, გადაცემების ავტორები) ფერმისგან განსხვავებით, თავად წარადგენენ სატელევიზიო გადაცემებს საზოგადოების წინაშე. საზოგადოება აიგივებს ჟურნალისტებს და წამყვანებს იმ სატელევიზიო პროდუქტთან, რომელსაც ისინი წარადგენენ. საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში ჰგონია, რომ მხოლოდ წამყვანების მიერაა შექმნილი პროდუქტი, გადაცემა, რომლის წამყვანებიც არიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტის შექმნაში სხვა თანამშრომელთა წვლილიც არანაკლებია. ეს კარგად ესმით თავად ჟურნალისტებს, წამყვანებს და იმ პროდიუსერებს, რომლებსაც საზოგადოება იცნობს და აიგივებს იმასთან, რასაც თავად ქმნიან და თავადვე წარადგენენ საზოგადოების წინაშე. ამიტომ ამ ადამიანებისთვის, ფერმის თანამშრომლებისგან განსხვავებით, სულერთი არ არის, ცუდ სატელევიზიო პროდუქტს წარადგენენ საზოგადოების წინაშე, თუ კარგს. ცუდი გადაცემის შემთხვევაში, ზარალდება არამარტო სატელევიზიო არხის (ბრენდის) რეპუტაცია და რეიტინგი, არამედ მათიც. შესაბამისად, ტელევიზიაში მომუშავე პროფესიონალები მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ პროდუქტზე და ცდილობენ მეტად ჩაერიონ მის შექმნაში (ხშირ შემთხვევაში, სხვა პროდუქტისაც, რომელიც მათ არხზე გადის), ვიდრე ფერმაში მომუშავე პროფესიონალები. ამის გამოა, რომ ხშირად მათ სურვილი აქვთ ტელეკომპანიის ზოგიერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზეც მოახდინონ გავლენა. ეს ბუნებრივია და ნებიმიერი ტელეკომპანიის მენეჯმენტს, რომელსაც კარგი ტელევიზიის გაკეთება უნდა, ეს უნდა ესმოდეს"- ამბობს ბექაური.
მისი განმარტებით, თუ ტელევიზიაში კარგი წამყვანები, ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილი პროდიუსერები მუშაობენ, ამ ტელეკომპანიის მართვა ძალიან რთულია მენეჯმენტისთვის. მაგრამ, სწორედ ეს არის მაღალი ხარისხის პროდუქტის ფასი.
ტელეკომპანია „მეცხრე არხის" ახალმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა ჟურნალისტები მერძევეებს შეადარა. სწორედ, ტელევიზიის ფერმასთან შედარება დაასახელა ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზად „მე-9 არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა.
კახა ბექაურმა თანამდებობა, 29 ნოემბერს დატოვა. ტელეკომპანია დატოვა მისმა მოადგილემ ვასილ მაღლაფერიძემაც.
„მეცხრე არხიდან“ წავიდა საინფორმაციო გამოშვების უფროსმა თამარ რუხაძე. ამის მიზეზად იგი ახალ ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობას ასახელებს, კონკრეტულად კი, რუხაძეს არ მოსწონს ახალი ხელმძღვანელობის მიდგომა ჟურნალისტებისადმი.