თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი კანდიდატურა პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე წარუდგინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანდიდატურის შერჩევა თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა.
თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ძნელაძეს უკვე მისცა პირველი დავალება - ნატოს სამხედრო კომისიის სხდომის მომზადება.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეთანხმების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი რეფორმები უფრო სწრაფად განხორციელდება.
პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. ბოლო პერიოდში ის იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში. მანამდე სხვადასხვა პერიოდში ის მსახურობდა J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში.
სამუშაო შეხვედრა ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ძნელაძეს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა.