იური მეჩითოვი და ხათუნა ხუნდაძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები აღარ იქნებიან.
კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, მათი დანიშვნის საკითხი ამ ეტაპზე აღარ დგას.
როგორც ოდიშარიამ განმარტა, მოადგილეების ფუნქციები შეივსება და თითოეული ადამიანი სამინისტროში მისი კვალიფიკაციის შესაბამის ადგილს დაიკავებს.
მინისტრის მოადგილეობის კანდიდატები აცხადებენ, რომ სამინისტროში რჩებიან და მათთვის თანამდებობა მნიშვნელოვანი არ არის.
„ვაპირებთ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას. რომელი აბრა იქნება ჩემს კაბინეტზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. სხვებისგან განსხვავებით, ამისთვის მე არც არასოდეს ვიბრძოდი" - განაცხადა იური მეჩითოვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეჩითოვის გათავისუფლების მიზეზი სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი გახდა, რომელშიც ის უკრაინელ ჟურნალისტებს ესაუბრება. ხათუნა ხუნდაძის შემთხვევაში კი - სტატუსები, რომელსაც იგი სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო პერიოდში აქვეყნებდა და რომელიც უცენზურო გამონათქვამებს შეიცავდა.