ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დაკავებებისა და დაკითხვების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება კრიტიკის საგანი უნდა იყოს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში განაცხადა.
„არ მომეწონა ვიდეომასალები კახა გეწაძესთან დაკავშირებით, როდესაც იგი კადრებში ხელბორკილებით არის წარმოდგენილი. თუმცა, საუბარია იმაზე, რომ ეს კადრები ჟურნალისტების მიერ იყო გადაღებული. ეს რომ ყოფილიყო შსს-ს მიერ გავრცელებული კადრები, კრიტიკა უფრო ობიექტური იქნებოდა. ეს არის ის სტილი, რომელიც დაამკვიდრა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენ ძალიან არ მოგვწონდა“ - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ სისტემა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რეჟიმი, ხოლო რეჟიმის დამარცხება სისტემის დამარცხებას არ ნიშნავს.
„სისტემა იბრძვის თვითგადარჩენისთვის თუნდაც ვიზუალურ გამოვლინებებში. თუ ასეთი ხარვეზები სამომავლოდ არ გამოვლინდება, ძალიან კარგი იქნება. ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის „შეფუთვას“ ახდენენ, არ იცვლებიან. მათ სხავანაირად არ უსწავლიათ. დროა ამ ადამიანებმა ისწავლონ ცივილიზებული მუშაობა“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის დაკითხვას, ხუხაშვილის თქმით, აღნიშნული პროცესი ცივილიზებულად მიმდინარეობდა.
„როდესაც ადამიანი სხვა გვარის პასპორტით ტოვებს საზღვარს, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს და ცხადია, ეს კითხვები უნდა დასმულიყო. სხვა საკითხია, რომ მას გარეთ შეძახილებით დახვდნენ. ეს არის ამ ადამინის პიროვნული ტრაგედია, რადგან ადამიანები, მის ირგვლივ იმდენად არიან გამწარებული, რომ ასეთი ეპითეტებით მოიხსენიებენ. არამგონია, რომ ეს ყოფილიყო შსს-ს მიერ ორგანიზებული აქცია. გასაგებია, რომ იგი ესთეტიკურად, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ მე ამის უკან ორგანიზების ნიშნებს ვერ ვხედავ“ - განაცხადა ხუხაშვილმა.