ზურაბ ნოღაიდელი პარტიის დასაბრუნებლად სამართლებრივ  ბრძოლას იწყებს

ზურაბ ნოღაიდელი პარტიის დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი პარტია „მომავალი საქართველოსთვის“ დაბრუნებისთვის სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

ნოღაიდელის განცხადებით, მისმა ადვოკატებმა აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში შესაბამისი მიმართვა უკვე შეიტანეს, რათა  დადგინდეს რეალურად, თუ რა მოხდა.  

„მოვითხოვ მოხდეს გამოძიება,  თუ ვისი დავალებით მოქმედებდა იუსტიციის სამინისტროში ამჟამადაც მომუშავე პიროვნება, რომელმაც წართმევის შემდეგ უკანონოდ დაარეგისტრირა პარტია. ამ კონსპირაციულ ქმედებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიიღეს მონაწილეობა, რომელთა დავალებითაც იმართებოდნენ ის ადამიანები, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობდნენ“,- განაცხადა ნოღაიდელმა.

მისივე თქმით, საჩივარი პროკურატურაში მისი თანაგუნდელის დაკავებაზეც შეიტანა.

„პაატა კაიკაციშვილი სრულიად უკანონოდ დააკავეს და ვფიქრობ,  რომ მის დაკავებაზეც უკანონო ბრძანება ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გასცეს. აუცილებლად უნდა მოხდეს კაიკაციშვილის რეაბილიტაცია, რადგან მისი დაკავება სრულიად უკანონოდ მოხდა. მას ჩაუდეს ნარკოტიკები პოლიციელებმა და ვინც ეს ქმედება ჩაატარეს და დაგეგმეს, ზოგიერთი მათგანი დღემდე მუშაობს სამართალდამცველ უწყებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი მათგანი ქობულეთის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია“, - განაცხადა  ნოღაიდელმა.