წალკის გამგეობის შენობა პარალიზებულია

წალკის გამგეობის შენობა პარალიზებულია

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან,   ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარეს, მიხეილ ცქიტიშვილს ფინანსურ დარღვევებში და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, ასევე მიწების არასწორ გადანაწილებაში ადანაშაულებენ და გამგეობის ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  წალკის ამჟამინდელ გამგებელს, მიხეილ ცქიტიშვილს პირად საკუთრებაში 1 500 ჰექტარი მიწის ფართობი აქვს წალკაში, მაშინ როცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სახნავ-სათესი მიწების გარეშეა დარჩენილი.

აქციის მონაწილეების ბრალდებებს უარყოფს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მიხეილ ცქიტიშვილი.

მისი განცხადებით, მოსახლეობის ნაწილი მას აბსურდულ ბრალდებებს უყენებს, როგორც მიწის ფართობების საკუთრებაში ქონის, ასევე საბიუჯეტო სახსრების მითვისებასთან დაკავშირებით.

ცქიტიშვილი აცხადებს,  რომ ის არანაირი ფინანსური შემოწმების წინააღმდეგი არაა, მაგრამ ასეთ ვითარებაში, როგორც ცქიტიშვილი აცხადებს, თანამდებობებზე დარჩენა უკვე შეუძლებელია.