ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი საქართველოს გადაწყვეტილების შეფასებისას, რაც პალესტინის სტატუსის აღიარებას გულისხმობს, აცხადებს, რომ საქართველო ისრაელთან თავისი ტრადიციული ურთიერთობისა და მისი მეგობრული ვალდებულებებიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ, ასეთი სახის რეზოლუციაზე მიერთებაზე თავს უნდა იკავებდეს.
როგორც from.ge -სთან საუბარში გოგოლაშვილი აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ისრაელთან ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვიოს.
„ისრაელის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია, რომ პალესტინის აღიარება უნდა მოხდეს, მას შემდეგ, რაც თვითონ ისრაელის და პალესტინის ხელისუფალნი შეთანხმებებს მიაღწევენ. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა სახის წინმსწრები რეზოლუცია, ან აღიარების მსგავსი ესეთი სახის წინმსწრები ფაქტები, თავისავად ისრაელის ხელისუფლებას აღიზიანებს და მას მხარს შეერთებული შტატები და ნაწილი ევროპის სახელმწიფოებისა უჭერს.
მივიჩნევ, რომ საქართველო თავისი ტრადიციული ურთიერთობის გამომდინარე ისრაელთან, მისი მეგობრული ვალდებულებებიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ, ასეთი სახის რეზოლუციაზე მიერთებაზე, თავს უნდა იკავებდეს.
აუცილებელია, იმის გათვალისიწინება, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, რომლებიც როგორც წესი, ასეთ საკითხებში კოორდინირებულად მოქმედებენ, ძირითადი ბირთვია იმ ქვეყნებისა, რომლებიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტად გვევლინებიან“,- განაცხადა გოგოლაშვილმა და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად, ისინი აღწევენ ლობირებას, აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკისა მთელ მსოფლიოში.
გოგოლაშვილის თქმით, მათთან ერთად გუნდში ყოფნისას, სხვადასხვა საერთაშორისო რეზოლუციებთან და სხვადასხვა საერთაშორისო გადაწვეტილებებთან დაკავშირებით, ჩვენ ინდივიდიუალური მოსაზრებებითა და ინდივიდუალური პოლიტიკით არ გამოვდივართ არამედ, მათთან ერთად, კოორდინირებულად ვმოქმედებთ და გადაწყვეტილებებს ერთობლივად ვიღებთ.
„ანუ ამ გუნდიდან ამოვარდნა საერთაშორისო ასპარეზზე მგონი, ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის დამაზიანებელია“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება, გართულებებს ოკუპირებულ რეგიონებთან და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, რისკები იზრდება.
„აშშ თუ დაინახავს, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ვუერთდებით, რაღაც რეზოლუციებს, რომლებიც აშშ-ს ინტერესებს ეწინააღმდეგებიან, მან შეიძლება საქართველოს დაცვის მიმართულებით, თავისი ძალისხმევა შეასუსტოს. ის კი არა, რომ ვთქვათ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს არამედ, ჩვენი საქმეების მოსაგვარებლად, თავის დიპლომატიური რესურსის ხარჯვას შეამცირებს. არ გაიღებს ამხელა ენერგიას, როცა ნახავს, რომ ჩვენ ერთგული პარტნიორები არ ვართ“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
ცნობისთვის, პალესტინას, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის, გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის- საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისარელი და აშშ.