საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ, შს სამინისტროს ბრალდებები აბსურდია.
როგორც წიკლაური from.ge - სთან საუბარში აცხადებს, დაუჯერებელია, რომ ვანო მერაბიშვილი საზღვრის გადაკვეთას გაყალბებული პასპორტით აპირებდა და აღნიშნავს, რომ თუ ამ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი, მესაზღვრე კონტროლიორს ის მაშინვე, ან ქვეყანაში დაბრუნებისთანავე უნდა დაეკავებინა.
შესაბამისად, წიკლაურის თქმით, საზოგადოება დღეს, სამართალდამცავი ორგანოებისაგან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან უტყუარ მტკიცებულებებს ელოდება.
„მათ უნდა წარმოადგინონ ის პასპორტი, რომელიც მან გადასცა კონტროლიორს ან სხვა რაიმე ნივთიერი მტკიცებულება, იმისათვის, რომ აი, ასეთი აბსურდული ბრალდება დაამტკიცონ. ის, რომ ის კვეთდა ყალბი დოკუმენტაციით საზღვარს, ეს უბრალოდ, დაუჯერებელი, მართლაც, აბსურდის თეატრის რაღაც ნაწილია.
ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ამ დაჭერებთან დაკავშირებით არსებობს. ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ პოლიტიკურ ფიგურას და ინსტიტუციას, რომელსაც ვერ უხერხებენ ვერაფერს, ვერ აშინებენ, მათ მიმართ ასეთ ზომებს მიმართავენ და ასე მოხდა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ „რაც უფრო ხშირი იქნება ამგვარი გამოხტომები ხელისუფლების მხრდიდან, დღეებს ეს ხელისუფლება მით უფრო შეიმოკლებს“.
წიკლაურის თქმით, როგორც ქვეყნის შინგით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხელისუფლების არაადექვატურმა ქმედებებმა მნიშვნელოვანი პროტესტი გამოიწვია.
„პრინციპში, მთლიანად იზოლაციაში მოახდინა ჩვენი ქვეყანა. ამას უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოების წარმომადგენლები და უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ. ამიტომ კიდევ და კიდევ, უნდა დაველოდოთ, თუ რა საბუთებს წარმოადგენს ბრალდება, და თუ ასეთი დოკუმენტაცია არ იქნება, მაშინ საქმე გვაქვს ძალიან პრიმიტიულ მცდელობასთან ჩირქი მოსცხონ „ნაციონალურ მოძრაობას“, ოპოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ხელმძღვანელს ვანო მერაბიშვილს“, - განაცხადა წიკლაურმა.