საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება, რაც პალესტინის სტატუსის აღიარებას გულისხმობს, ისრაელთან ურთიერთობებს გააფუჭებს.
როგორც მალაშხია From.ge - სთან საუბარში აცხადებს, საქართველოს ამ გადაწყვეტილებას გართულება ასევე, ოკუპირებულ რეგიონებთან და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებითაც მოჰყვება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მხარი დაუჭირეს იმ სტრუქტურას, რომელმაც აფხაზეთის აღიარება მოინდომა. ვგულისხმობ, ჰამასს. რაც შეეხება ისრაელს, მან შეიძლება, მიდგომები შეიცვალოს მაგალითად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ეს იქნება სწორედ იმ მოქმედების შედეგი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებს.
ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად სხვა განცხადებები პრემიერ-მინისტრისგან მან თქვა, რომ მას შეეშალა, როდესაც პალესტინის სახელმწიფო ახსენა და თქვა, რომ ჩვენი გადასაწყვეტი არაა ეს საკითხებიო, მაგრამ როგორც ყოველთვის საწინააღმდეგოდ მოიქცა და ამას მხარი დაუჭირა. ის ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. ეს არის იმ შეპირებებთან დაკავშირებითაც, რომელსაც წინასაარჩევნოდ აკეთებდა გარე და შიდა პოლიტიკასთან მიმართებაში“, -განაცხადა მალაშხიამ.
შეკითხვის პასუხად, თუ ვინაა ამჟამად, საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი გაეროში და კონკრეტულად, თუ ვინ მისცა ამ გადაწყვეტილებას ხმა, მალაშხია აცხადებს, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს ხელისუფლება ღებულობს და დღეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“.
„პროცედურლად, როგორ განხორციელდა ეს, ჩემი კომპეტენციის სფერო არაა“, - განაცხადა მალაშხიამ.
ცნობისთვის, პალესტინას, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის, გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის- საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისარელი და აშშ.