ბაგრატის ტაძარს ხარაჩოებს ორ დღეში მოხსნიან. ეზოს პერიმეტრის მოპირკეთება ერთ კვირაში დასრულდება. თუმცა, ტაძარში გასაკეთებელი - იატაკი დარჩება, რომლის რეაბილიტაციაც სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება.
როგორც from.ge-ს სამუშაოების მწარმოებელი ფირმის, „ნემო ინტერნეიშენელის“ წარმომადგენლმა, ნიკოლოზ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის, ტაძრის ე.წ. კიბის უჯრედის (ეს ის პერიმეტრია, სადაც ლიფტის გაკეთება იგეგმებოდა) მშენებლობის დასრულებითი ეტაპი მიმდინარეობს.
ჩხაიძის განცხადებით, პროექტის ავტორის მითითებით, სახურავზე პატარა მონაკვეთები იყო ჩასაკერებელი, რაც უკვე გაკეთდა.
„ტაძარს ხარაჩოებს ორ დღეში მოხსნიან“, - დასძინა ჩხაიძემ.
რაც შეეხება ტაძრის გარე პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოებს, როგორც from.ge-ს მშენებლობის ზედამხედველმა, ზურაბ გედენიძემ განუცხადა, ეზოს პერიმეტრის მოპირკეთება ერთ კვირაში დასრულდება.
„სანიაღვრე სისტემას ვაკეთებთ, რომ წყალი, რომელიც ეკლესიას ირგვლივ აწუხებს მოშორდეს“, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ხარაჩოებისა და ეზოს პერიმეტრის მოპირკეთების შემდეგ, ტაძარში სამუშაოები შესასრულებელი კვლავ რჩება. კერძოდ, რეაბილიტაცია იატაკს უნდა ჩაუტარდეს.
გედენიძის განცხადებით, ტაძარში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნაგებობები მინით დაიფარება.
„იატაკის სამუშაოები რჩება გასაკეთებელი. ამჟამად, დროებით ხის იატაკია გადაკრული, თუმცა, მოიზაიკის გაკეთება იგეგმება. საფიქრალია ის იატაკი თუ როგორ უნდა გაკეთდეს, რადგან ტაძარში არქეოლოგიური ქალაქია და ეს ნაწილი, ტაძრის შიგნით შუშაში უნდა ჩაჯდეს. ამასთან, უნდა დამონტაჟდეს გათბობის სისტემა. ასევე საკურთხეველში მხავტული მოზაიკაა, რომელიც ქვიშით არის დაფარული, რომ არ დაზიანებულიყო და მისი შენარჩუნება უნდა მოხდეს“, - განმარტავს გედენიძე.
შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძარის რეაბილიტაცია 2009 წელს დაიწყო და ტაძარი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა, რომელიც უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ილია მეორემ აკურთხა. ტაძრის კურთხევას კი, ქვეყნის პრეზიდენტიც დაესწრო.