პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკასთან და ისრაელთან გაიმართა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ პარტნიორებს პოზიცია აუხსნა - ეს საკითხი თუ რამდენად შედის ქვეყნის ინტერესებში.
„ამას აბსოლუტურად გაგებით მოეკიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაზე შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა. ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იყო მიღებული. იცით, რომ პალესტინის დამოუკიდებლობის შესახებ ჩანაწერი რეზოლუციიდან ამოღებულ იქნა და ამას ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ პალესტინას, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის, გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის- საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისარელი და აშშ.