საქართველოს ახალ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების დალაგება გაუჭირდება. ამის შესახებ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ დღეს ტელეხიდის მსვლელობისას განაცხადა.
„ედუარდ შევარდნაძემ დე ფაქტოდ, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა დე იურედ დაუსვა წერტილი საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, ახალი ხელისუფლებისთვის ძალიან რთული იქნება ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებს არა ნულიდან, არამედ მინუს ათასიდან ვიწყებთ" - განაცხადა გიორგაძემ და აღნიშნა, რომ პირველი ნაბიჯები ივანიშვილის მთავრობამ უკვე გადაგა, რაც მოსკოვში დადებითად არის შეფასებული.
ამასთან, გიორგაძის თქმით, მას აქვს კონტაქტები რუსეთის ხელისუფლებასთან. რაც შეეხება ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვში დადიოდნენ, გიორგაძის თქმით, ზოგიერთ მათგანთან ჰქონდა კომუნიკაცია, მათ შორის კახა კუკავასთან და ძირითადად აინტერესებდა მათი ხედვა „თუ როგორ უნდა გამოსულიყო საქართველო იმ ჩიხიდან, რომელშიც სააკაშვილის ხელისუფლებამ შეიყვანა".