პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, გაერო-ში პალესტინის სტატუსზე ქართული მხარის გადაწყვეტილების დრამატიზება არ უნდა მოხდეს.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება გაეროში საქართველოს წარმომადგენლებმა მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს, თუმცა აქვე ამბობს, რომ დიპლომატებს ხშირ შემთხვევაში, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ და არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაბული სამყაროს კეთილგანწყობის მოპოვებისთვის იყო მიღებული.
„მთავრია, ამ საკითხის დრამატიზება არ მოვახდინოთ. დიპლომატიაში ეს ხშირად ხდება. მართალია. პირველ რიგში, ჩვენ საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან, იმ კონიოქტურიდან უნდა გამოვიდეთ, რომელიც ამ მომენტიდან არსებობს. გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული ყოფილიყო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არაბული სამყაროს მხარდაჭერა გვჭირდება. ეს გადაწყვეტილება არის საგარეოსი, რომელიც მთავრობასთან შეთანხმებით მიიღო. ამ მომენტისათვის, ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმებით, ვნაოხთ, რა მოვლენები განვითარდება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, კონკრეტულად ვინ მისცა ხმა საქართველოს სახელით ამ რეზოლუციას გაერო-ში, მისთვის უცნობია.
„ჩვენს კომიტეტს წინასწარ ამ ფაქტზე ინფორმაცია არ ჰქონდა და კარგი იქნებოდა ამის წინასწარ განხილვა, თუმცა დიპლომატიაში ხშირია, როდესაც დიპლომატებს ამის დრო არ აქვთ. გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია გვაქვს, თუმცა დეტალებზე – ხმა ლომაიამ მისცა თუ მისმა მოადგილემ, ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა ეს თემაც საინტერესოა. როდემდე უნდა გვყავდეს ელჩები, რომელთა გამო შეიძლება დიპლომატიურ კაზუსებს ან გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი. მათი უმეტესობა წარმოადგენს წინა ხელისუფლების ინტერესებს, რაც დღევანდელი მთავრობის პოზიციას არ ემთხვევა. ეს შეიძლება იყო საჩოთირო გადაწყვეტილება, მაგრამ ალბათ, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არსებული კონიუნქტურა“, - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, პალესტინას, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის, გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის- საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისარელი და აშშ.