პალესტინის საკითხის განხილვისას, გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ გეოგრაფიულად საქართველო ახლო აღმოსავლეთთან ახლოს მდებარეობს, საქართველო უთანაგრძნობდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობის მისწრაფებებს , კერძოდ, პალესტინის სახელმწიფოებრიობას და ისრაელის უსაფრთხოებას.
განცხადებაში, რომელიც გაერო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, საქართველოს წარმომადგენლემა განმარტა - პალესტინასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია არ გულისხმობს, რომ პალესტინამ მიიღო უფლება, გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციაში სახელმწიფო წევრის სტატუსით.
„კონფლიქტის დასასრულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით მიღწეულ შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს. დღეს მიღებული რეზოლუცია ნიშნავს პრივილეგიებისა და უფლებების მიცემას დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის ფარგლებში; რეზოლუცია არ გულისხმობს იმას, რომ პალესტინამ მიიღო უფლება, გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციაში სახელმწიფო წევრის სტატუსით“,-აცხადებს საქართველოს წარმომადგენელი.
პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო ცხრამ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.